„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. 11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასი 50 %-მდე ნოემბრიდან გაეზარდება. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რკინიგზის თანამშრომლების პროტესტი, მათ გაფიცვაც დააანონსეს. რკინიგზასთან შეიქმნა ახალი პროფკავშირები, რომლებმაც ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად იმუშავეს და შეთანხმების მიღწევა სწორედ ახალი პროფკავშირების მუშაობას უკავშირდება.
„საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება. ეს არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ წლების განმავლობაში რომ იქ დასაქმებული ადამიანები მუშაობენ 300- 400 ლარზე. ხშირ შემთხვევაში ეს არის 200 ლარიანი ხელფასებიც. 11 ათასი ჩვენი თანამოქალაქეა დასაქმებული „საქართველოს რკინიგზაში“ და პარალელურად ვხედავთ ადმინისტრაციისა და მაღალი თანამდებობის თანამშრომლების ხელფასს, რომელთა ხელფასიც სულ მცირე 4 ათასი ლარიდან ეწყება. ეს ორგანიზაცია რატომღაც იქცა საპენსიო ფონდად და ხელისუფლებიდან ან მინისტრობიდან იქ აგზავნიან ადამიანებს, გვაქვს ჩვენ ამის მაგალითები. რკინიგზის ახალმა პროფკავშირებმა, რომელიც არ არის მართული ადმინისტრაციის მხრიდან, დაიწყო შრომის დავის წარმოება ხელფასების მატებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკება ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. იყო დაშინება თანამშრომლების მიმართ, თუმცა მაშინ როცა თანაშრომლები უკვე გაფიცვას აპირებდნენ მოლაპარაკება დასრულდა წარმატებით. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია შრომითი ურთიერთობის პროცესში და მადლობა მინდა გადავუხადო რკინიგზის ახალ პროფკავშირებს, რომელმაც გაიმარჯვა ამ უთანასწორო ბრძოლაში.“ -აცხადებს აჭარის მაუწყებელთან სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე.
ახალი პროფკავშირების წარმომადგენელი გელა გოგელია ამბობს, რომ ცვლილება ძალაში ნოემბრიდან შევა . მისივე თქმით, მართალია რკინიგზელთა მოთხოვნა ხელფასების 50 %-იანი გაზრდა იყო მაგრამ, ისინი დათმობას დათანხმდნენ.
გოგელიას თქმით, მოლაპარაკების შედეგად მათ ვისი ანაზღაურებაც 450ლარზე ნაკლები იყო ხელფასი 60 ლარით გაეზარდება და პლიუს 10 %-ს მიიღებენ.
ვისაც ხელფასი 1500-მდე ჰქონდა, მათი ხელფასი მხოლოდ 10 %-ით გაიზრდება, ხოლო ყოველ კალენდარულ დღესასწაულზე საჩუქრად 250 ლარი დაერიცხებათ.