მამუკა ბახტაძემ კომენტარი ანაკლიის პროექტის განხორციელების საკითხზეც გააკეთა. ყოფილმა პრემიერმა ვრცლად ისაუბრა იმ თემებზე, რაც პროექტის განსახორცეილებლად მისი მთავრობაში ყოფნის დროს გაკეთდა.
თქვენი პრემიერობის დროს ანაკლიის პროექტს შეექმნა პრობლემები, შესაძლოა ის აღარც აშენდეს. ამერიკელმა პარტნიორებმა დატოვეს ეს პროექტი, მამუკა ხაზარაძეს საგამოძიებო უწყებებში უწევს სიარული, მასაც აღარ სცალია ფაქტიურად ამ პროექტისთვის. ბატონო მამუკა თქვენ თუ გრძნობთ ამ პროექტის შესაძლო არ აშენებაზე პასუხისმგებლობას?- ამ კითხვით ყოფილ პრემიერს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა მიმართა.
მამუკა ბახტაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვას კითხვითვე უპასუხა.
"რატომ გაქვთ იმის განცდა, რომ ანაკლიის პროექტი არ აშენდება, ან რომ მთავრობას ჰქონდა ასეთი განწყობა? მე გეტყვით ძალიან მშრალ ფაქტებს. დავიწყოთ უშუალოდ იდეით, ვისი იდეა გახდა პროექტის რეალიზაცია, ეს გახდა ჩვენი გუნდის იდეა. ვისი ძალისხმევით მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ 4-მა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მოახდინა ანაკლიის პროექტის აქტიური განხილვა და ისინი პერსპექტივაში განიხილავენ პროექტის დაფინანსებას. მინდა გითხრათ, რომ ამ მოლაპარაკებების დიდი ნაწილი ჩვენ წავმართეთ, უფრო მეტიც მე ამაში ვმონაწილეობდი ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის რანგში"-უპასუხა ჟურნალისტს მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძემ სისულელე უწოდა იმ მოსაზრებას, თითქოს საქართველოს მთავრობას არ სურს ამ პროექტის განხორციელება.
"როცა ვსაუბრობთ ასეთ საკითხებზე არგუმენტებითაც უნდა გავამყაროთ. ცუდია როცა პროექტის ირგვლივ ცდილობენ შექმნან ისეთი აურა, თითქოს საქართველოს მთავრობას არ სურს ამ პროექტის რეალიზება - ეს არის სისულელე. ეს არის ტყუილი, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ვერ დაასახელებენ თუნდაც ერთ არგუმენტს, რაშიც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ანაკლიის კონსორციუმს. ვადების გაგრძელებით დაწყებული, ინვესტიციებით დამთავრებული. მე ვადასტურებ იმ პოზიციას, რომელიც მქონდა მაქვს და მექნება რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი.სხვანაირად ჩვენ ვერ განვავითარებთ სატრანზიტო პოტენციალს"-აცხადებს ყოფილი პრემიერი.