''რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, საინფორმაციო სამსახურსა და პროდაქშენს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ სალიამ ბრიფინგზე განაცხადა.
პაატა სალიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირაკლი იმნაიშვილთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ის ''რუსთავი 2''-ს გუნდს მალე შეუერთდება.
„რამდენიმე დღის წინ, ბევრმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა არხი. თუმცა, არხის მფლობელმა განცხადება გააკეთა, რომ ის მზად არის და „რუსთავი 2“-ის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ემოციურ ფონზე მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ტელეკომპანიის კარი ღიაა პროფესიონალებისთვის, ვინც წლებია, მუშაობდა და ვისაც უნდა ეს არხი იყოს მაღალპროფესიული, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კრიტიკული ტელევიზია. დღეს საზოგადოებას ვუბრუნდებით პოზიტიური სიახლით, რომელიც ძალიან კარგად მიიღო პირველ რიგში, „რუსთავი 2“-ის გუნდმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ არხის ბოლომდე ერთგულნი არიან. მათი რიცხვი ძალიან დიდია. ამ ადამიანების რიცხვი არის დაახლოებით 800 თანამშრომელი.
დღეს მათ წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი წარდგენა, მას იცნობს მთელი საქართველო. ის არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით, კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა საზოგადოებას და იძულებული გახდა, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არსებული წნეხის გამო, დაეტოვებინა ქვეყანა. ეს პროფესიონალი არის ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდი ხანია, მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანია „ბიბისი“-ში. დიდი ხანია, ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ჩადგომოდა ტელევიზიის როგორც საინფორმაციო, ასევე „ფროდაქშენის“ ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით, წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა.
ირაკლისთან ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ ადამიანებს ძალიან დიდი იმედი მისცა და ჩვენ მასთან ერთად მზად ვართ, ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო. ვფიქრობთ, ჩვენი ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა შექმნილი ვითარებიდან და მაყურებლისთვის ისევ იქნება ნომერ პირველი არხი საქართველოში“, – განაცხადა პაატა სალიამ.