შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. სანაპიროზე გამოფენილია წითელი ალმები რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს 19 აგვისტოს ზღვაში შესვლა აკრძალულია.
მაშველები აფრთხილებენ დამსვენებლებს, წყალში არ ჩავიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.
საშტორმო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, როცა ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.