ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად ვერ წარმოდგინა-ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა შპს „ფორმულას“ და ხარვეზების აღმოსაფხვრელად კანონით დადგენილი 5 სამუშაო დღე განესაზღვრა.
„განცხადებაში არ არის მითითებული სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება; თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით არის წარმოდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ, არ არის მითითებული რა ფულადი სახსრებითა და აქტივებით გეგმავს კომპანია მაუწყებლობის დაწყებას. გეგმაში მითითებულია მხოლოდ ის შემოსავალი, რომლის მიღების მოლოდინი კომპანიას მაუწყებლობის დაწყების შემდეგ აქვს.
ამას გარდა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელისა და ინტერნეტის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების ხარჯები, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმებზე მაუწყებლობის დაწყების თარიღები. ასევე, არ არის მითითებული რა სახსრებით გეგმავს კომპანია აღნიშნული ხარჯების დაფარვას. კომისიისთვის ასევე არ არის მოწოდებული მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ შპს „სტერეო+“-თან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება, ისევე, როგორც თანამგზავრულ და საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება.
კიდევ ერთი ხარვეზი საწესდებო კაპიტალსა და მისი განაღდების ნაწილს ეხება. გაცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, ისევე, როგორც ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ“-წერია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომისიაში განმარტავენ, რომ დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციას მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში მიანიჭებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 5 სამუშაო დღეში აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხდება, კომპანიას კვლავ აქვს შესაძლებლობა მაუწყებლობაზე ავტორიზაციის მისაღებად უხარვეზო განაცხადით განმეორებით მომართოს კომისიას.
არაოფიციალური ინფრომაციით, ტელეკომპანია „ფორმულას“, სავარაუდოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.