ბათუმელი სპორტსმენის, გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმეზე სამი ბრალდებული, ამ დრომდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.
დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთი მსჯავრდებულის შოთა შანიძის მეუღლე დაუკავშირდა და აუდიომიმართა მიაწოდა.
აუდიომიმართვაში პატიმარი ყვება, რომ მან ხელისუფლება სისტემურ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ისჯება. მას დეესკალაციის ოთახში ფიზიკურად უსწორდებიან. შოთა შანიძე უარს აცხადებს მკურნალობაზე და ციხის მედპერსონალს უნდობლობას უცხადებს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მსჯავრდებულმა არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება.
სასამართლოს გადაწყვეტილებას კი, სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმით აპროტესტებს. ითხოვს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ჭარბი დოზით.
''მსჯავრდებული შ. შ. მიმდინარე წლის 31 ივლისს მოათავსეს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დაწესებულებაში მოთავსებიდან დღემდე შ.შ.-მ არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანებები თავის კედელზე დარტყმის გზით, კატეგორიულ უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე და ამ გზით აპროტესტებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ასევე ითხოვს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ჭარბი დოზით, მიუხედავად ექიმების განმარტებისა, რომ ტრანკვილიზატორების ჭარბმა გამოყენებამ შესაძლებელია გააუარესოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამასთან იმუქრება სუიციდით.
მისი ქცევიდან გამომდინარე, შ.შ. ჩართულია სუიციდის პრევენციის პროგრამაში. სპეციალური პენიტენციური სამსახური მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ მსჯავრდებულს გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი უფლებები იყოს დაცული'' - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.
გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს, სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. შოთა შანიძე და კიდევ ორი პირი 2015 წელს გაასამართლეს.