''რუსთავი 2''-ის დამფუძნებელი დავით დვალი ფიქრობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მოძრაობა გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის თამაშსს თამაშობს.
''ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ეგეთ დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას „რუსთავი 2“-სთვის'' - უთხრა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დვალმა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ხელმოწერა, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს, ფალსიფიცირებულია.
''ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ამ თავისი ხელმოწერით, ბრალდებებით და რაც მოყვა იმ წართმევის პერიოდთან დაკავშირებით, უბრალოდ ხელისუფლების ტროლია. მგონია, რომ მისი ეს ვითომ ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი, რომელიც კიდია ქიბარ ხალვაშის თავზე. ანუ განცდა მაქვს, რომ ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე და შესაბამისად, რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, თუ ვთქვათ ისე არ განვითარდა სცენარი, აამოქმედონ ბერკეტი მის წინააღმდეგ.
ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ირაკლი ოქრუაშვილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს არის ჩემი დაკვირვება და ჩემი აზრი“, – განაცხადა დავით დვალმა.
ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის 2010 წელს შეთანხმება გაფორმდა. ხალვაში ტელეკომპანიის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო. ხალვაში რამდენიმე დღის წინ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა და ექსპერტიზისთვის ხელმოწერის ნიმუში დატოვა.