შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამნამღველებმა მუშაობა გვიან ღამით დაასრულეს. უმაღლესი სასწავლებლის შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.
უნივერსიტეტმა დღეს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა და სამართალდამცველებმა ადმინისტრაციის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლება მისცეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სხვა დეტალების დასადგენად გამოძიება გრძელდება.
''ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმია'' - მსგავსი შინაარსის წერილი უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გუშინ, 31 ივლისს, შევიდა.
შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა თქვა, რომ წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს.
მსგავსი შეტყობინება უნივერსიტეტში 2 წლის წინაც შევიდა. მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა, რომ ცრუ განგაში იყო.