ვარკეთილში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

10 ივლისი 2019, 10:10 1535 ნახვა

ფოტო: პირველი არხი

თბილისში, ვარკეთილში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. 

პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სადარბაზოში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

რაც შეეხება დაშავებულებს, სამივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

ერთი დაშავებული, 18 წლის მამაკაცი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტს მეტალის ნაწილაკებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. 

შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ ერთ მამაკაცს „ამტელის” კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

''პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. დაშავებულს ჭრილობები, ორივე წვივისა და მარჯვენა მტევნის არეში აღენიშნებოდა, დაზიანებული ჰქონდა არამაგისტრალური სისხლძარღვები, ნერვები და კუნთები.

ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება“, - განაცხადა ქირურგმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი