ნარინჯისფერი რეზინის ტყვიის აკრძალვის მოთხოვნით პეტიციას 6515 ადამიანი აწერს ხელს

03 ივლისი 2019, 11:58 2301 ნახვა

2019 წლის 1 ივლისს, manifest.ge-ზე  ახალი პეტიცია გამოჩნდა. პეტიციის ავტორები ითხოვენ, რომ აიკრძალოს დარბევის დროს იმ სტაფილოსფერი რეზინის ტყვიების გამოყენება, რომელიც მათი თქმით იწვევს ადამიანის დასახიჩრებას ან სიკვდილს. 

"დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა იმდაგვარი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს. იარაღის ინსტრუქციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მისი გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ, იწვევს სასიკვდილო ჭრილობებს.

პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში, არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი - არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონში გაჩნდეს პირდაპირი აკრძალვა, ამდაგვარი იარაღის გამოყენების თაობაზე.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში. პირდაპირ აიკრძალოს, რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა" - წერია პეტიციაში.

ნარინჯისფერი ტყვიები საქართველოში პოლიციამ პირველად 2019 წლის 20 ივნისს, აქციის ძალადობრივად დაშლის დროს გამოიყენა. დაშავებული მოქალაქეების მტკიცებით, ამ ტყვიის შედეგად მრავლობითი დაზიანება მიიღეს მოქალაქეებმა, რადგან ტყვია კანში აღწევს და ძვალს აზიანებს.

20 ივნისის ღამეს, 280-მდე მოქალაქე დაშავდა, აქედან 80 სამართალდამცველი. 26 მოქალაქეს, რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებების გამო, თვალზე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ, 26-დან  ერთი პოლიციელი იყო. ორმა ახალგაზრდამ დაკარგა თვალი, რადგან ექიმებმა უმძიმესი დაზიანებების გამო, ვერ შესძლეს თვალის გუგის გადარჩენა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი