მუსლიმ თემსა და მერიას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა

21 ივნისი 2019, 12:40 1662 ნახვა

მუსლიმ თემს ადა ბათუმის მერიას შორის შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. მოლაპარაკება ვერ შედგა. 

იურისტებმა და მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მერიას ახალი არაფერი უთქვამს, შესთავაზეს წინადადება, რომელიც მიწის სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემას ეხებოდა. 

''ის რაც შემოგვთავაზეს, ამაზე უკვე იყო საუბარი გასულ წელს, რომელიც ეხებოდა მიწის გადაცემას მუსლიმთა სამმართველოზე. ჩვენ ამაზე ოფიციალური პასუხი გვაქვს და უარს ვაცხადებთ. რვა ივლისამდე მივეცით დრო, რომ ახალი წინადადება შემოგვთავაზონ. მათი მხრიდან დღეს სხვა წინადადება არ ყოფილა. ჩვენ ვცდილობთ საკითხის მოლაპარაკების გზით გადაიჭრას, თუმცა დისკრიმინაციულ მიდგომას ხელს ვერ შევუწყობთ. 

ვფიქრობთ, რომ ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას წაართვა მიწის ნაკვეთი და მეორეს მისცე არასწორია. არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია მერიისგან, რატომ უნდა მოვიქცეთ ასე. შეიძლება საერთოდ დავკარგოთ ეს ტერიტორია, სადაც სამლოცველო გვაქს, ეს შიშები არის, რადგან სამუფთო არ არის დამოუკიდებელი, ის სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ტარიელ ნაკაიძემ. 

''ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის'' იურისტი ამბობს, რომ მერიას სურვილი აქვს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს. 

მაკო დავითაძე იმედს იტოვებს, რომ ეს პროცესი დროში აღარ გაიწელება და მოლაპარაკების საბაბით არ გადაიდება. 

''ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესში მუსლიმები ყოველთვის მზად იყვნენ დიალოგისთვის და ვხედავთ ეს პროცესი დროში როგორ გაიწელა. არა ერთი სასამართლო სხდომა ჩაინიშნა და გადაიდო. მერია გამოდიოდა ინიციატივით, რომ მათ ქონდათ რაღაც სათქმელი, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ეს სათქმელი ვერ მოვისმინეთ. შარშან გაიმართა ერთი შეხვედრა მერთან, მერე შეხვედრა აღარ დანიშნულა. მაშინ მერიამ შესთავაზა გარკვეული პირობებით მშენებლობის ნებართვის გაცემა. ეს პირობა იყო, რომ ამ ადამიანებს კერძო საკუთრება გადაეცათ სხვა ორგანიზაციისთვის. ეს იყო მიუღებელი და დისკრიმინაციული პირობა. ეს არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. 

არა მგონია 8 ივლისამდე სასამართლო პროცესი გაიმართოს. რადგან მერიას კიდევ აქვს სურვილი შეხვედრის. აქ ითქვა, რომ  8 ივლისამდე კიდევ შეუძლიათ მოიფიქრებენ ახალ წინადადებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში ჯდება და არა ისეთ,ი რომელიც გასულია ყველანაირი სამართლებრივი სივრციდან'' - ამბობს იურისტი, რომელიც მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი