მიუხედევად რისკებისა ღირსების მარშს მაინც გავივლით - "თბილისი პრაიდი"

18 ივნისი 2019, 18:22 1416 ნახვა

"თბილისი პრაიდი" განცხადებაც ავრცელებს და ამბობს, რომ წინააღმდეგობებისა და რისკების მიუხედავად, ღირსების მარში თბილისსში მაინც ჩატარდება.

განცხადებას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა გთავაზობთ სრულად:

მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას. საჯარო მსვლელობაში ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.

ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეში ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღირსების მარშის ჩატარების შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიას მონაწილეებს ვერ აძლევდა, თუმცა პირობა დადო, რომ მოქალაქეებს დაიცავდა. ინფორმაცია ამის შესახებ სახალხო დამცველმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში