მესამე სექტორი: ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ლგბტ თემის შეკრების თავისუფლების დაცვას

17 ივნისი 2019, 18:10 1502 ნახვა

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 6 ორგანიზაცია და „თანასწორობის მოძრაობა“ 14 ივნისსა და 16 ივნისს განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმიანება. არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ხელისუფლება უკვე წლებია ვერ უზრუნველყოფს ლგბტ თემის უფლებების, მათ შორის, თავისუფალი შეკრების უფლების, დაცვას.არასამთავრობო ორგანიზაციები ღია წერილში მოუწოდებენ სახელმწიფოს გაატაროს ანტიდემოკრატიული ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებების აღკვეთის პოლიტიკა.

მესამე სექტორში პრობლემურად მიიჩნევენ იმ გარემოებაც, რომ 14 ივნისს პოლიციამ არ მიიღო სამართლებრივი ზომები ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მიმართ, მათივე თქმით, ხელისუფლების პოლიტიკურმა რიტორიკამ სათანადოდ ვერ უპასუხა კონტრაქციის ძალადობრივ და ჰომოფობიურ იდეებს და ამ ერთგვარი „დუმილით’“ მათ პოლიტიკური ლეგიტიმაციაც მისცა. განცხადებაში წერია, რომ 14 ივნისის აქციის შემდეგ, 16 ივნისს ლევან ვასაძემ უკიდურესად პრობლემური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთა „სახალხო ლეგიონების“ შექმნისა და ქუჩებში ლგბტ ადამიანების კონტროლის, დაკავებისა და ძალადობის შესახებ.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ლევან ვასაძისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური და კლერიკალური ჯგუფების საქმიანობას, მათ ძალადობრივ გეგმებსა და ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში