კონტრაქციაზე დაკავებული 28 პირიდან 21 გუშინვე გათავისუფლდა

15 ივნისი 2019, 10:43 1984 ნახვა

 

გუშინ, 14 ივნისს, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 28 კაციდან 21 აქციის მოქალაქე, გუშინვე გაათავისუფლეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა.

სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციის 28 მონაწილე, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების,  ასევე ჟურნალისტების მიმართ. 

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

სამინისტრო 
დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეო-მასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება.

აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში„ - წერია შსს განცხადებაში. 

გუშინ, ლგბტ თემის მხარდამჭერებმა, თბილისი LGBTQI- პრაიდის წარმომადგენლებთან ერთად, აქცია გამართეს. 

პარალელურად ამ აქციის გასაპრიტესტებლად მოვიდნენ მოქალაქეები, მათ შორის სასულიერო პირებიც. 

კონტრაქციის წევრებმა შეურაცხყოფა მიაყენებს აქციის წევრებს, ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას, ისროდნენ ბოთლებსა და კვერცხებს. 

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში