კონტრაქციაზე 20 პირი დააკავეს - „აქცია კურთხევის შემდეგ დაიშალა“

15 ივნისი 2019, 09:11 1950 ნახვა

გუშინ, 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი ლგბტ თემის მხარდამჭერებს, პოლიციის კორდონი იმ მოქალაქეებისგან იცავდა, რომლებმაც კონტრაქცია საპატრიარქოს განცხადებით შემდეგ გამართეს.

კონტრაქციის მონაწილეები ბოთლებსა და კვერცხებს უშენდნენ კანცელარიის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს.  პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, 20-ზე მეტი პირი დააკავა სამართალდამცველებმა.

გვიან ღამით „თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა მათი რამდენიმე მხარდამჭერი - ნატა ფერაძე, ელენე ხოშტარია და სხვები მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებოდნენ, რაც კონტრაქციის მონაწილეების გაღიზიანებას იწვევდა.   კონტრაქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ სანამ „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები სრულად არ დაიშლებოდნენ, ისინი არ წავიდოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ამის მიუხედავად, მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის მონაწილეები დაიშალნენ, კანცელარიასთან ჯერ კიდევ რჩებოდა ლგბტ თემის მხარდამჭერი "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე, რომელიც უარს აცხადებდა ტერიტორია ალტერნატიული გზით, პოლიციის კორდონის მეშვეობით დაეტოვებინა.  კონტრაქციის მონაწილეებმა, კანცელარიის წინ მარტო დარჩენილ ნატა ფერაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. "წადი ქალო კუხნაში?" იძახოდნენ აქციის მონაწილეები. მოგვიანებით, იმის მიუხედავად რომ კანცელარიასთან ლგბტ თემის ერთი მხარდამჭერი რჩებოდა, კონტრაქციის წარმომადგენლებმა დაშლა გადაწყვიტეს.

ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძე განაცხადა, რომ "დაშლის თაობაზე ლოცვა-კურთხევა" მიიღეს. მისივე განმარტებით, ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ აქციას მომავალშიც გამართავენ.

14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, „თბილისი პრაიდის“ აქციის დაწყების წინ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ ლგბტ აქციის ჩატარება დაუშვებელი იყო. „თბილისი პრაიდის“ აქციასა და კონტრაქციას შორის პოლიცია ჩადგა, რადგან სიტუაცია დაიძაბა.

მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა, როდესაც კონტრაქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა სცადეს. მათ „თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებს ბოთლები და კვერცხები ესროლეს. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს - „ტვ პირველის“, ლიბერალის, ნეტგაზეთის, რუსთავი ორისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სახალხო დამცველის მოადგილესაც, რომელიც იქ იმყოფებოდა.

საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც შსს მოუწოდა საქმე აღძრას და გამოიძიოს ჟურნალისტებზე საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები.

შსს ოფიციალურ განცხადებას, 15 ივნისს გააკეთებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში