მერიამ მეორედ გამოტოვა მოსმართლის მიერ მიცემული დრო და მეჩეთის მშენებლობის მსურველებს არ შეხვდა

11 ივნისი 2019, 18:08 2667 ნახვა

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის  ნებართვის გაუცემლობის საკითხს, მუსლიმთა ნაწილი უკვე მეორე წელია სასამართლოში ასაჩივრებს. სასამართლო განხილვა ორჯერ, მერიის ინიციატივით, მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მორიგების მოტივით გადაიდო. 

პირველად, მერიამ მორიგებისთვის დრო 10 პრილს ითხოვა, თუმცა აღებული პერიოდი ისე გავიდა, შეხვედრა არ შედგა.  

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 22 მაისს, ისევ ბათუმის მერიის თხოვნით, მეორე შანსი მიიღო დიალოგის საწარმოებლად. ვადა თვითმმართველობას 12 ივნისამდე ჰქონდა, თუმცა ამჯერადაც მოლაპარაკებები ვერ შედგა.  

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მზადაა დიალოგისთვის, თუმცა უფრო მეტ აქტივობას იმ საინიციატივო ჯგუფის მხრიდან ელოდა, რომლებიც, მისი თქმით, მუსლიმი თემის სახლით გამოდიან მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით.  

"ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონია წარსულში. საინიციატივო ჯგუფს სწორი წარმოდგენა აქვს ამ საკითხის ირგვლივ, იციან ჩვენი მიდგომები და მინდა გითხრათ, რომ არც თვითონ არ გამოირჩევიან აქტივობებით. მე უფრო მეტი კომუნიკაციის სურვილს ველოდებოდი მათი მხრიდან," - განაცხადა ბათუმის მერმა.

მერი ამბობს, რომ არანიერი პრობლემა არ აქვს სამუფთოსთან ურთიერთობაში.  "ჩვენი მხრიდან მზაობა და ღიაობა არის  დიალოგზე.  ვადასტურებ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ მხარეებმა. მუსლიმ თემს არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც გამოდის გარკვეული ადამიანების სახელით. რაც შეეხება სამუფთოს, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი," - თქვა ბათუმის მერმა. 

მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ შეხვედრის ჩაშლაში მათი დადანაშაულება უპასუხისმგებლობაა და არაკორექტულია მერის მხრიდან. 

"თუ მერი საინიციატივო ჯგუფს აბრალებს იმას, რომ ვერ შედგა კომუნიკაცია, ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა. ძალიან არაკორექტულიც და ქვეყნისთვის დამანგრეველი განცხადებაც კი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ხერხს და ძალას ვიყენებთ სამართალის მისაღწევად, სამართლებრივისაც მათ შორის... თუ მერიას სურს რეალურად მოილაპარაკოს მუსლიმ თემთან, ეს კარი ღიაა" - განაცხადა ტარიელ ნააიძემ

საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ იბრძვიან ბათუმში აიგოს ახალი მეჩეთი -  "რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ მერი შეწუხდეს?? მაინცდამაინც კაბინეტში უნდა შეუარდეთ მუსლიმები, ეს არის მისთვის აქტიურობა?? ამას ითხოვს??" - კითხულობს ნაკაიძე. 

ხვალ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი განახლდება.  სასამართლო მხარეების რეპლიკების შემდეგ, გადაწყვეტილების გამოსატანად გავა და დაადგენს, დაარღვია თუ არა მერიამ მუსლიმების უფლება, როცა მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვა არ გასცა.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი