112-ისა და შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გაერთიანება იგეგმება. ახალი კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები, პარლამენტში ინიცირებისთვის წარდგენილია. 112-ის ფუნქციად რჩება საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, დანაშაულის, სამართალდარღვევებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის −112-ის საშუალებით.
აგრეთვე, მის უფლებამოსილებებს ემატება ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენის, სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. ცვლილების შემდეგ, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას სამინისტროს ნაცვლად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გასცემს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გახდება აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112 -ის მომსახურების საფასურს, საფასურის გადამხდელი პირების წრეს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს მთავრობა. პროექტის თანახმად, 112 -ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112, ხოლო 112-ში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 30 ივნისის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი შესაბამის თანამდებობებზე, ჩაითვლებიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით.