შვილმკვდარი მამა საქართველოს სიცოცხლის უფლების დარღვევას ედავება - სარჩელი ევროსასამართლოში

06 ივნისი 2019, 11:35 2406 ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი შევიდა. მოსარჩელეები - სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - მალხაზ მაჩალიკაშვილი, დედა - იზა მაჩალიკაშვილი, და - ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია - ელენე მაჩალიკაშვილი საქართველოს სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევას ედავებიან.  

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მაჩლიკაშვილების უფლებას იცავენ ევროსასამართლოში. სადაოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ

"დავის საკვანძო საგანს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის სავარაუდო დარღვევის საკითხი წარმოადგენს. ამ საქმეში სიცოცხლის უფლების დარღვევას მოსარჩელეები რამდენიმე პერსპექტივით აყენებენ, მათ შორის,
1.  2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია დაიგეგმა ისე, რომ არ მომხდარა რისკების სათანადო გაზომვა და ძალის გამოყენების პრევენციისა და მინიმიზაციისთვის საკმარისი ზომების მიღება; 
2. თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არააუცილებელი და არაპროპორციული ლეტალური ძალის გამოყენება - განმცხადებლების მტკიცებით, გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც, მათ შორის, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებიც უთითებს. მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თამირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად განხორციელდა, სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ ეკეთა ყურსასმენები, რაც ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მან ვერც კი მოახერხა მომხდარის გაცნობიერება;
3. დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფომ არ აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება. საავადმყოფოში ის დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს სუს-ის მანქანებით, და არა სასწრაფო დახმარების მანქანით;
4. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს. გამოძიების საწყის ეტაპზევე გამოძიების პროცესში სუს-ის უკანონო ინტერვენციის გამო მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობა იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა. მათ შორის, საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ხელყუმბარის, იარაღის) განადგურება, შეცვლა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის და არ აქვთ წვდომა საქმისთვის ყველაზე მნიშნელოვან მტკიცებულებებზე, მათ შორის, სპერაზმელების ჩვენებებზე, სპეცოპრაციის გეგმაზე.
5. გამოძიება არსებითად ჭიანურდება და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის გამოძიებას უკვე ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები შეგროვებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის მისაღებად, ის გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ იღებს.
გარდა კონვენციის მე-2 მუხლისა, განაცხადში მოსარჩელეები დავობენ სპეცოპერაციის ჩატარების დროს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ამ ნაწილში გამოძიების არაეფექტიანობაზე" - წერია ინფორმაციაში.

ორგანიზაცია გეგმავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებულ სავარაუდო დარღვევებზე, რომელიც მის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პირადი ცხოვრების შელახვას უკავშირდება, ასევე შეიტანოს ევროპულ სასამართლოში. 

ამ ეტაპზე, სუს-ის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის სავარაუდო დარღვევის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება. 


მაჩალიკაშვილების ოჯახი 1.5 წელზე მეტია იბრძვის შვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მართლმსაჯულების მიღწევისა და სიმართლის დადგენისთვის. მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის წინ, კარავში ცხოვრობს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის ტერორიზმის მომზადებაში დაადანაშაულა, თუმცა ის არ დაუკავებიათ და პროტესტს განაგრძობს. 

 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი