"ბანაობა და თევზაობა არ არის უსაფრთხო" - ენერგოკომპანიის გაფრთხილება თუ რას უნდა დავაკვირდეთ

04 ივნისი 2019, 12:59 2560 ნახვა

"ენერგო ობიექტების დაცვის ზონებში, უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს. შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები," -  "ენერგო-პრო ჯორჯის" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ზაფხულის სეზონზე, როდესაც კურორტებზე, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებში მოქალაქეების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების, ხაზების, ქვესადგურების სიახლოვეს უსაფრთხოების წესების გათვალისწინება. 

"დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, სადენთან მიახლოება დაუშვებელია" - წერია გაფრთხილებაში. 

''ენერგო-პრო ჯორჯია'' მოქალაქეებს მოუწოდებს, დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკონ - 0(322) - 471707.

2018 წლის მაისში, ბათუმში, თევზაობის დროს,  58 წლის კაცმა და ორმა არასრულწლოვანმა ელექტროსადენებთან შეხების შედეგად, ძლიერი დამწვრობა მიიღეს. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანი შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ანკესი მაღალი ძაბვის ელექტროსადენს გამოედო და აფეთქება მოხდა.

​''ენერგო პრო ჯორჯიამ'' განცხადება იმავე დღეს გაავრცელა. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში