ეს დღე ჩვენია- დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი, აღნიშნეს ბათუმში. დღეს ღონისძიებები ევროპის მოედანზე გაიმართა, თუმცა არ გამოფენილა სამხედრო ტექნიკა. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ აქცენტი შემოქმედებით ღონისძიებებზე გაკეთდა - კონცერტებზე, საბავშვო აქტივობებზე, გამოფენებსა და ბაზრობაზე.
14 ქალაქში ერთდროულად, 17 საათსა 10 წუთზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. დემოკრატიული რესპუბლიკა დაახლოებით სამი წელი არსებობდა. რუსული ოკუპაციისა და 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა.