დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა წელს თბილისში აქცია არ იგეგმება. "თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტები, შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საჯარო დემონსტრაციებს მოერიდნენ.
დედაქალაქში მხოლოდ საინფორმაციო პოსტერები გაავრცელეს.
ამ დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა ჯგუფებმა ქუჩებში ხეებზე სტიკერები მიაკვრეს, ხიდებზე ლგბტ დროშა გადაფინეს.
“მე შენი შვილი ვარ”, “მე შენი მეგობარი ვარ”, “ჩვენ ერთად ვიმგზავრეთ” - წერია ფოსტერებზე, რომელიც თბილისში, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა”, აქტივისტებთან ერთად გააკრა.
თბილისი პრაიდი ვიდეომიმართვასაც ავრცელებს ლოზუნგით "გავერთიანდეთ".
"ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები. ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებში, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენ გვკლავენ, გვდევნიან, მაგრამ არ გვინდა გაქცევა. ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება. ჩვენ გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია, და სოციალური უთანასწორობა. ჩვენ გვიყენებენ ამ და სხვა სოციალური პრობლემების გადასაფარად. საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენც და არ დავთმობთ მას.
ჩვენი სივრცე არ შემოიფარგლება იმით, რომ სახლში რაც გვინდა ის ვაკეთოთ. ის მოიცავს თავისუფლებას,ვიყოთ საჯარო, ვიყოთ ისინი ვინც ვართ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან, არაძალადობრივ, შემდგარ საზოგადოებაში, რომელშიც ყველა დაცულია. ჩვენ ვებრძვით უსამართლობას, ყველა ჩაგრული ადამიანისა თუ ჯგუფის მიმართ ვართ სოლიდარულები, ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, ასე ცხოვრება გაუსაძლისია.
ჩვენ ვიბრძვით ღირსებისთვის. ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტო. ჩვენ ვართ სტუდენტები, ლექტორები, მიმტანები, მუსიკოსები, დიზაინერები, სოციალური მუშაკები, მოდელები, ფოტოგრაფები, არტისტები, მწერლები, სპორტსმენები, ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, მეშახტეები, ტაქსის მძღოლები, პოლიტიკოსები, მღვდელმსახურები.
ჩვენ ვიცავთ და ვაშენებთ ქვეყანას, ვზრუნავთ გარემოზე, ვმსახურობთ და ვიხდით გადასახადებს, ჩვენ ვართ თქვენი შვილები, მშობლები, დები, ძმები, მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები და მეზობლები. ჩვენ ვართ თქვენ,'' - ამბობენ ვიდეომიმართვაში.
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა. 17 მაისი სიმბოლურად შეარჩიეს, რადგან 1990 წლის ამ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
საქართველოში 17 მაისი 2011 წლიდან აღინიშნება.
2013 წელს, ლგბტ თემისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების აქცია დაარბიეს. ქართული ეკლესიის სასულიერო პირები, მრევლისა და მოქალაქეების ნაწილი, ფიზიკურად გაუსწორდნენ ღონისძიების მონაწილეებს.
2014 წლიდან კი, საქართველოში 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესაც აღნიშნავენ.