რა ხმა იყო სანაპიროზე - სახელმწიფო უწყებებმა არ იციან 

16 მაისი 2019, 18:00 20767 ნახვა

დღეს მოქალაქეებმა ბათუმის სანაპიროზე, აფეთქების მსგავსი ხმა გაიგონეს. მათი თქმით, პირველად ხმა. 13:00 წუთისთვის, საკმაოდ ძლიერი იყო, შემდეგ კი შედარებით სუსტი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და თურქეთის საკონსულოს დაუკავშირდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ 112-ში შეტყობინება არ შესულა. მაშველებს კი, რომლებიც სანაპიროს პერიმეტრზე არიან მსგავსი ხმა არ გაუგიათ. 

მოქალაქეთა ნაწილი წერდა, რომ ეს ხმა შესაძლოა, რეგიონში ჩანიშნულ წვრთნებს უკავშირდებოდეს. მაუწყებელს თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ აჭარაში ამ ეტაპზე არც სწავლება და არც წვრთნები არ მიმდინარეობს, ყველა დანაყოფი ბაზაზეა. 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში ასევე გვითხრეს, რომ მოქალაქეების შეტყობინება არ შესულა. მოგვიანებით კი იმ მოქალაქეების ნომრები ჩაინიშნეს, რომლებიც შემთხვევის დროს სანაპიროზე იმყოფებოდნენ. 

აჭარის მაუწყებელი ინფორმაციის გადასამოწმებლად თურქეთის საკონსულოსაც დაუკავშირდა, საზღვართან ახლოს ხომ არ ტარდებოდა რაიმე ტიპის სამუშაოები, რომელიც ძლიერ ხმაურს გამოიწვევდა. გვითხრეს, რომ მეზობელ ქვეყანაში, აჭარასთან ახლოს მდებარე დასახლებებში, მსგავსი არაფერი ხდება. 

სეისმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ დილით  საქართველოს არცერთ რეგიონში მიწისძვრა არ ყოფილა. მიწისძვრა მხოლოდ  14:02 წუთზე, წალკაში, თბილისიდან 52 კილომეტრში დაშორებით დაფიქსირდა, 3.6 მაგნიტუდა, 4 კმ სიღრმეზე.  

მოქალაქეებმა სანაპიროზე ძლიერი ხმაური, დაახლოებით, 13:00 საათზე გაიგონეს. დამსვენებლების ნაწილმა პლაჟიც კი დატოვა. 

აჭარის მაუწყებელი ინფორმაციას მოგვიანებით, უწყებებში კიდევ ერთხელ გადაამოწმებს. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი