საქსტატი:პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

05 მაისი 2019, 19:37 1467 ნახვა

2018 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, 35%-ით შემცირდა - ასეთია საქსტატის წინასწარი მონაცემები, რომელიც დაზუსტებულად აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება. საქსტატის მონაცემებითვე 2013 წლის შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი ასეთი დაბალი არ ყოფილა. მიზეზად კი, ორგანიზაციას  მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება და  პირდაპირი ინვესტორის მიმართ შემცირებული ვალდებულებები მოჰყავს.

გასულ წელს ყველაზე მკვეთრად პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა აზერბაიჯანიდან იკლო, საიდანაც 225 მილიონი დოლარით ნაკლები შემოვიდა. 188 მილიონ 800 ათასით ნაკლები შემოვიდა ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან კი, რიცხვმა 43 მილიონ 700 ათასით  განიცადა კლება. საქსტატის მონაცემებით, კლება განიცადა უცხოურმა კაპიტალ დაბანდებამ აჭარის რეგიონშიც, რასაც არ ეთანხმებიან, ავტონომიის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. აქ ამტკიცებენ, რომ ინვესტიცია გაცილებით მეტია, თუმცა მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლებიან და დაანგარიშების მეთოდოლოგიის დახვეწის მოტივით უწყების მიერ დათვლილი მონაცემების მოწოდებაზე უარს აცხადებენ.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი