ეს არის პროცესი, რომელიც დაარტყამს მედიის თავისუფლებას - მედიაექსპერტი

19 აპრილი 2019, 00:00 1751 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დირექტორმა ნათია კაპანაძემ თანამდებობა დატოვა, მედიაექსპერტები აფასებენ. ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ეს პროცესი რეგიონში მედიის თავისუფლებას ''დაარტყამს''. 

მედიაექსპერტი პროცესების უკან პოლიტიკურ ფონს ხედავს. 

''ერთი ფაქტიც არ არსებობს მსგავსი, როდესაც ასე შერცხვენილი ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან. უცნაურია, გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი დამნაშავე თქვენ გყოლიათ გენერალური დირექტორის სახით და გილოცავთ. საოცარი გადაწყვეტილება მიიღო ბორდმა. ჩემი აზრით ეს არის პროცესი, რომელიც დაარტყამს მედიის თავისუფლებას. ამ პროცესების უკან მგონია, რომ არის პოლიტიკური თემა. ბატონები ოცნებიდან, მათ გასაგონად ვამბობ, არ ვიცი თუ უყურებენ საერთოდ ტელევიზიას, ისინი ამისათვის გადაიხდიან ფასს. როდესაც მედიაში პოლიტიკური ჩარევა ხდება, ამას მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი ვერ შველის'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ლაშა ტუღუშმა. 

​მედიაექსპერტი საუბრობს, რომ ბოლო წლებში აჭარის მაუწყებელი დაბალანსებული იყო და ეს დიდი მონაპოვარია.

''არცერთმა არ თქვა, რომ დაუბალანსებელი ტელევიზიაა. ერთადერთი და კიდევ ერთი-ორი თუ მომეპოვება ასეთი. სულ მესმოდა თქვენს ტელევიზიაზე, რომ არის დაბალანსებული. ეს დიდი მონაპოვარია. დირექტორის როლი არის დიდი და ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ უნდა აკრიტიკო. შესაძლოა არის პრობლემები სხვადსხვა მიმართულებით, მათ შორის სახელფასო ფონდთან დაკავშირებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მტკივნეული საკითხია. მაგრამ, აქ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ გენიალური, იდეალური დირექტორი გყავდათ? ამაზე არცერთი ჭკუათმყოფელი არ ლაპარაკობს. ვსაუბრობთ არის თუ არა ეს საკითხები საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი რამე მოუწყო ადამიანს. ვერ მოვისმინე ვერცერთი დასაბუთებული არგუმენტი, რაც ფურცელზე წერია არ არის საკმარისი'' - ამბობს მედიაექსპერტი. 

ლაშა ტუღუშის განმარტებით, სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი ვერ უშველის, საჭიროა ასევე პრინციპული დირექტორი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი