გაფიცული მოსწავლეები და სტუდენტები - ''კედლები ვერ დაგვიცავენ მომწამვლელი ჰაერისგან''

15 აპრილი 2019, 00:00 1392 ნახვა

ფოტო: რადიო თავისუფლება

თბილისსა და ბათუმში ქაოსური მშენებლობები, ჰაერის დაბინძურების მუდმივი ზრდა, შეცვლილი კლიმატი, ეს ყველაფერი ბიზნესთან გარიგებაში მყოფი ხელისუფლების გულგრილობისა და სიხარბის ბრალია - ეს არის ჩამონათვალი იმ პრობლემების, რომლებზე სტუდენტები და მოსწავლეები აქტიურად საუბრობენ და დღეს ამ საკითხების გასაპროტესტებლად, ერთი დღით სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ მივიდნენ. 

გაიფიცე გარემოსთვის“ - მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილი ერთი დღით გაიფიცა და თბილისში, რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, აქცია-წარმოდგენა გამართეს და მანიფესტი გაავრცელეს.

„დღეს ჩვენ უარი ვთქვით სასწავლებლებში მისვლაზე, რადგან უნივერსიტეტებისა და სკოლების კედლები ვერ დაგვიცავენ მომწამვლელი ჰაერისგან, ტყვიისაგან საკუთარ სისხლში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თუკი ამ ქალაქსა და ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, მთელი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ გაბატონებულ აზრს, თითქოს ბუნება აპოლიტიკურია. ჩვენ არ გვჯერა, რომ არაფერი შეგიძლიათ ე.წ. ბუნებრივი კატასტროფების თავიდან ასარიდებლად. არ გვჯერა, რადგან არაფერია ბუნებრივი იმაში, რომ აშენებთ გიგანტურ ჰესებს, აბეტონებთ მწვანე ზოლებს, ჩეხავთ ხეებს, ცვლით ლანდშაფტს...

ჩვენ მოვითხოვთ, პოლიტიკის ცვლილებას და მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს ქმედებები ეყრდნობოდეს ობიექტურ კვლევებსა და მიუკერძოებელ სპეციალისტებთან კონსულტაციებს.

ჩვენ მოვითხოვთ, თბილისში ტრამვაის გაყვანას; ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლებას; მთაწმინდის ფერდობების განადგურებისა და მათზე მშენებლობების შეწყვეტას; ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობას; დამანგრეველი ჰესების მშენებლობას და მათ ნაცვლად არსებული ჰესების შეკეთებას; შეწყდეს ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობის დაშინება. ამ ყველაფრის გარეშე ჩვენი მომავალი ბუნდოვანია“.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გაფიცული ახალგაზრდები ამბობენ, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს პოლიტიკა. 

თბილისში გამართული აქცია 16 წლის შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა ტუნბერგის პროტესტის გამოძახილია. გრეტა ტუნბერგმა საჯარო გამოსვლები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით 2018 წელს დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მან ყოველ პარასკევს სკოლის გაცდენა და შვედეთის პარლამენტის წინ არსებული პრობლემების გაპროტესტება. შვედი ეკოაქტივისტი ერთი თვის წინ ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი