ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას მეზღვაურები დაუკავშირდნენ ლიბიიდან - ისინი საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ. რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე, ამბობენ, რომ უკვე სამი თვეა სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდებიან. მათი თქმით ისინი ლიბიაში იანვარში დაღუპული ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის ეკიპაჟის წევრები არიან და ახლა ქალაქ მისურატაში იმყოფებიან.
მეზღვაურები გვიყვებიან, რომ ლიბიაში დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო რჩებიან, რომელიც მათი თქმით დროში გაიწელა. სამართალდამცავებმა ისინი რამდენჯერმე დაკითხეს, თუმცა ქვეყნის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მეზღვაურები აცხადებენ, რომ საცხოვრებელ პირობებს არ უჩივიან. იმყოფებიან სასტუმროში, იღებენ ხელფასს და უზრუნველყოფილი არიან საკვებით.
რაულ ტაკიძის თქმით, ლიბიაში ამ დრომდე რჩება ეკიპაჟის 19 წევრი. ირწმუნება, რომ ახლობლებმა დახმარებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს, თუმცა მხოლოდ განცხადების დაწერა და განხილვა შესთავაზეს.
ქართველი მეზღვაურები კი ამბობენ, რომ ეს საკმარისი არაა, პროცესი უნდა დაჩქარდეს და საქართველოში ქართველი მეზღვაურები დროულად დაბრუნდნენ, რადგან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში ომი გამოცხადდა.
„მთავარი“ დაუკავშირდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ მეზღვაურები გამოძიების გამო რჩებიან ლიბიაში და მათ ხშირი კომუნიკაცია აქვთ ლიბიურ მხარესთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით ქართველ მეზღვაურებს ჰყავთ ადვოკატი და აქვთ საშუალება იყვნენ კონტაქტზე საკონსულოსთან.
რაც შეეხება ლიბიის დედაქალაქ, ტრიპოლში განვითარებულ მოვლენებს, უწყებაში ამბობენ, რომ ქართველი მეზღვაურები მისურატაში იმყოფებიან, ამ ქალაქში კი ამ დროისთვის სიმშვიდეა.