"შემდეგი შეიძლება შენ იყო" - ამ სლოგანით აქცია ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის წინ მიმდინარეობს. აქციას გარდაცვლილი მცირეწლოვანის, საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრები მართავენ, რომლებიც ექიმებს გულგრილობაში და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 2018 წლის 25 დეკემბერს, არასრულწლოვანი მაღალი ტემპერატურით ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს, ერთი კვირის შემდეგ პაციენტი თბილისში გადაიყვანეს. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ თბილისში ბავშვის გადაყვანა ადგილზე ექიმებმა ურჩიეს, რადგან, მათივე თქმით, დიაგნოზი ვერ დაუსვეს.
ოჯახის წევრები ყვებიან, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, საბა კიწმარიშვილი, 20 დღეში, დიაგნოზის გარეშე გარდაიცვალა.
ოჯახმა ანალიზები დიაგნოზისთვის გერმანიაში გადააგზავნა, რამდენიმე დღის წინ კი ანალიზის პასუხები მიიღეს. მშობლების თქმით, დასკვნაში წერია, რომ მცირეწლოვანის სიკვდილის მიზეზი არასწორი მკურნალობის შედეგია და კველევების მიხედვით, მცირეწლოვანს ღვიძლიდან სისხლდენა აღენიშნებოდა.
აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ანალიზების პასუხი სამედიცინო დაწესებულებამ სპეციალურად დამალა. ისინი სამი ექიმის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.
ინფექციური საავადმყოფოს ექიმი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ გერმანიიდან ჩამოსულ ანალიზების პასუხს და დასკვნას არ იცნობს, ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს. ამბობს, რომ "დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი" შუალედური რგოლი იყო, მცირეწლოვანის ბათუმიდან და თბილისის იაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში.
შეისწავლის თუ არა შემთხვევას სამედიცინო რეგულირების სააგენტო? - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს თემაზე მუშაობას.