დღეიდან მძღოლებს ნარკოტიკულ თრობაზე შეამოწმებენ. საპატრულო პოლიციელს უფლება ექნება ნებისმიერი მძღოლი გონივრული ეჭვის საფუძველზე სპეციალური ნარკოტესტერით გადაამოწმოს.
რამდენიმე წუთიანი პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს აქვს თუ არა მოქალაქეს ბოლო 8 საათის განმავლობაში მიღებული რომელიმე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირს დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში შეამოწმებენ.
ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მოქალაქეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. 275-ე და 276-ე მუხლების ახალი რედაქციით კანონდარღვევა ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე შესაძლებელია მოქალაქეს 3 წლით მართვის უფლება შეეზღუდოს.