რატომ გართულდა ცენტრალურ მაგისტრალზე დროებითი საფარის დაგება - კომპანიის განმარტება

20 მარტი 2019, 00:00 1878 ნახვა

ბათუმში, თამარ მეფის  გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გუშინ ღამით ისევ მიმდინარეობდა. ადგილზე მძიმე ტექნიკა და კომპანიის სპეციალისტები მუშაობდნენ. გზის ერთი ნაწილი ისევ ჩაკეტილი იყო. 

სამუშაოებს შპს „გზები“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორმა სოციალურ ქსელში განმარტების სახით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. 

ირაკლი აბაშიძე წერს, რომ სამუშაოების 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს და ის გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას არ ითვალისწინებს. იმის გამო, რომ სხვა ალტერნატიული შემოვლითი გზა არ არსებობს, ვერ ხერხდება მონაკვეთის სრულად ჩაკეტვა.

კომპანიის ხელმძღვანელი წერს, რომ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გრუნტის გამოცვლას არ ითვალისწინებდა, თუმცა ახალი გზა ერთ წლიან გარანტიას ვერ გაუძლებდა, ამიტომ აღნიშნულ სამუშაოებს საკუთარი ხარჯებით ახორციელებენ.

''კონკრეტულად თამარ მეფის გამზირის იმ ავადსახსენებელ მონაკვეთზე სამუშაოების დაწყებამდე მინიმუმ ვიცოდით, რომ გასასწორებელი იქნებოდა გზის პროფილი და იყო ეჭვი, რომ შესაცვლელი იქნებოდა გზის საფუძველი. ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გრუნტის გამოცვლას, მაგრამ ითვალისწინებს ერთწლიან გარანტიას ჩვენს მიერ უკვე გამოცვლილ ასფალტობეტონის საფარზე. რადგან საფუძვლის უვარგისობაზე ეჭვი გამართლდა უკვე ასფალტის დაგების მიმდინარეობისას და ვინაიდან გრუნტის უვარგისობის გამო შეუძლებელი იქნებოდა ერთწლიანი პასუხისმგებლობის აღება, ჩვენს კომპანიაში გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ხარჯებით გამოგვეცვალა საფუძველი. საფუძველი გამოვცვალეთ. გრუნტის გამოცვლის შემდეგ საჭიროა მისი დატკეპნვა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ მონაკვეთის ქვეშ გადის ჩაქვის წყლის ცენტრალური მაგისტრალი (თუ არ მეშლება 1000 მმ მილი მაღალი წნევით) და იყო შიში რომ გრუნტის ვიბრაციული სატკეპნის ვიბრაცია გამოიწვევდა მილის დაზიანებას (წინა წლებში, ზუსტად ამ ადგილზე, მილის დაზიანების გამო იყო რამდენჯერმე ჩაკეტილი გამზირი), გრუნტის დატკეპნვა (კონკრეტულად ამ მონაკვეთზე) მოხდა 20 ტ. ვიბრაციული სატკეპნის მიერ ვიბრაციის გამოყენების გარეშე ფენა-ფენა. ეს არ არის ტექნოლოგიური დარღვევა და ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება თითქოს სწორი იყო. ვიბრაციის გარეშე სატკეპნის გავლების დროს ვიზუალურმა დაკვირვებამ არ გამოავლინა გრუნტის ჯდენები (ვიბრაციის შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდებოდა პრობლემა) და ის გამოვლინდა მხოლოდ ღამე, უკვე ასფალტის დაგების დროს (ამ დროსაც, ამჯერად უკვე ასფალტის სატკეპნი იყენებს ვიბრაციას, თუმცა ეს ვიბრაცია ბევრად ნაკლებია გრუნტის სატკეპნისაზე).

ჩვენ ვალდებული ვართ დაზიანებული ადგილი შევაკეთოთ ჩვენი ხარჯებით, რასაც ვაკეთებთ კიდევაც. მე პირადად ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი კვალიფიკაცია (ვართ საქართველოში უძველესი კერძო საგზაო-სამშენებლო კომპანია - ვმუშაობთ 1989 წლიდან), რაც გულისხმობს პასუხისმგებლობასაც, და ეს გამოიხატება თუნდაც იმაშიც, რომ იქ, სადაც ჩვენი სამუშაოს შედეგი არადამაკმაყოფილებელია, ჩვენი მხრიდან ხდება მყისიერი რეაგირება, პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ყველაფრის გაკეთება სასურველი შედეგის მიღებამდე'' - წერს ირაკლი აბაშიძე ფეისბუქის გვერდზე. 

მეორე ეტაპზე გზის მარცხენა ზოლი ჩაიკეტება, ბარცხანის ხიდიდან და ხელოვნების ცენტრამდე. კომპანიის დირექტორმა ფესიბუქ სტატუსში დაწერა, რომ მთავრობის წევრების მიერ აღნიშნული სამუშაოების დათვალიერება გზის გახსნა-პრეენტაცია არ ყოფილა. 

''სამუშაოების მიმდინარეობისას, რადგან ჩაკეტილი იყო ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალი და ამ ჩაკეტვის შესახებ ცნობილი იყო ყველასათვის და იწვევდა დიდ დისკომფორტს და ინტერესს გზის ჩაკეტვის პერიოდში, ავტონომიის და ქალაქის თავებმა შემოიარეს და დაათვალიერეს სამუშაოების მიმდინარეობა. ბევრმა რატომღაც ჩათვალა, რომ მათი ეს მოსვლა იყო გზის გახსნა-პრეზენტაცია, არადა როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, ეს არის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები და ამ გამზირზე სამუშაოები ჯერ არ დასრულებული და გრძელდება'' - წერს აბაშიძე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი