ვლადიმერ ​კონსტანტინიდი: ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის გადმოსვენების პროცედურები ხვალიდან დაიწყება

19 თებერვალი 2019, 00:00 1554 ნახვა

ლიბიურმა მხარემ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"ავრცელებს. 

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ლიბიის პროკურატურამ შესაბამისი ნებართვა უკვე გასცა და გადმოსვენების პროცედურები ხვალიდან დაიწყება, თუმცა გადმოსვენების პროცედურებს დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

„სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს ძალიან ინტენსიურად ინფორმაციის მიღების დღიდან. ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე ოჯახის წევრებთან და გემთმფლობელ კომპანიასთან, რომლის ადვოკატიც დღესაც იმყოფება ლიბიაში. თავად ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე, უბრალოდ ეს უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გადმოიცემა, რის შემდეგაც უკვე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ვავარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში გადმოსვენების პროცედურა დასრულდება“, - განაცხადა კონსტანტინიდიმ.

23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში, 21 იანვარს, სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ვარაუდობს რომ ის მოკლეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი