200-მდე სოციალური მუშაკი, დღეს, 8 თებერვალს, წინასაგაფიცვო პროცესს იწყებს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC განცხადებას ავრცელებს.
სოციალური მუშაკები სახელმწიფოსგან პროგრამების დაუყოვნებლივ რეფორმირებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ სისტემაში იმდენად ცოტა ადამიანი მუშაობს, რომ ვერ ახერხებენ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდენენ. მათ ინდივიდუალურად არ ემსახურებათ ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოცმუშაკს ათობით ბენეფიციარი ჰყავს.
„რესურსების სიმწირის გამო, სოციალური მუშაკები ხშირად ვერ ახერხებენ ყოველდღიურ რეჟიმში ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ მოქალაქეებსა თუ ოჯახებს, რის გამოც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არიან მოწყვლადი ჯგუფები - ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები და სხვა“ - წერია განცხადებაში.
სოცმუშაკების თქმით, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს არ აქვს გამართული მომსახურების სერვისები, მძიმე პირობებში თავადაც უწევთ მუშაობა. „სოციალური მუშაკების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, არასათანადო სამუშაო გარემო და შრომითი პირობები“ - წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში მომუშავე 200 სოცმუშაკი აწერს ხელს და ოფიციალურად არეგისტრირებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
კანონის მიხედვით, მათ პირდაპირ გაფიცვის უფლება არ აქვთ, ამიტომ საკითხების მოსაგვარებლად მიმართავენ სამინისტროს კოლექტიური წერილით და აფრთხილებენ მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“ კოლექტიური დავის დაწყების თაობაზე სამინისტროში წერილს 15:00 საათზე შეიტანენ.
დაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკები უახლოეს მომავალში გაიფიცებიან. სოციალური მუშაკების მოთხოვნებს იზიარებენ და უერთდებიან შემდეგი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW).