ბათუმში, მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქეებს რიგში დგომა მთელი ღამის განმავლობაში უწევთ. შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან რამდენიმე დღეა რიგებია.
მოქალაქეები ამბობენ, რომ პირველ მარტამდე მოწმობის გაახლებას ვერ მოასწრებენ, ამიტომ თადარიგს იჭერენ.
სოციალურ ქსელში გელა ბერიძე ვიდეოს ავრცელებს და წერს:
''პრავის აღსადგენად მივედი და მითხრეს რომ დილის 7 საათზე უნდა მივიდე და ჩავიწერო, მივედი დილის 7-ის ნახევარზე და ეს სიტუაცია დამხვდა.მითხრეს, რომ უკვე 200 ჩაწერილია და მეტს ვერ ჩაწერდნენ. გაგვიშვეს უკან, ვიკითხე და 12 საათის მერე დგანან რიგში. უკაცრავად და ეს როგორ გავიგო? თურმე 3 დღეა აქ დგას ხალხი და რიგი არ მოგვწევიაო, ახლა გეკითხებით მე, აქ ღამეები უნდა ვათენო, იმიტო რო პრავა დავკარგე და აღვადგინო? სამსახური ვისაც გვაქვს დავიკიდოთ? ეს რა ჯანდაბა ხდება, როგორ ვერ მოახერხეთ ამის კონტროლი''.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დღეს ბათუმში მომსახურების სააგენტოსთან იმყოფებოდა. მოქალაქეები ყვებიან, რომ მთელი ღამე აღნიშნულ ტერიტორიასთან გაატარეს. ესენი ძირითადად სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, რომლებსაც გრძელვადიან რეისებში უწევთ წასვლა. ხშირად ბათუმში უკან დასაბრუნებლად ერთ თვეზე მეტიც სჭირდებათ.
''თუ დროულად არ გამოვცალე, წასვლა მიწევს, როცა დავბრუნდები ჩემს მოწმობას უკვე ძალა დაკარგული ექნება. ამიტომ დამაჯარიმებენ. მირჩევნია მთელი რამე აქ გავატარო და დილით შევიდე დოკუმენტაციის გასაახლებლად'' - უთხრა მაუწყებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ.
''მეოთხე დღეა აქ ვიმყოფები, ჩავეწერე სიაში და იმედია დღეს ავიღებ მოწმობას. ორი სმენა რომ იყოს რიგები არ იქნებოდა. ღამის სმენაა საჭირო. ხალხის ცოდვაა, ორიდან სამიდან აქ ელოდება. სამსახურს მოწყვეტილია'' - ამბობს თემურ ფუტკარაძე , რომელიც მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის შესაცვლელად მივიდა.
''ძაან დიდი რიგებია, ღამის პირველზე მოდის ხალხი. მაინც ვერ შემოდის. სიებია შედგენილი, განუკითხაობა. როგორმე უნდა დარეგულირდეს. ასე არ შეიძლება. მეხუთე დღეა მოვდივარ, ბოლოს და ბოლოს მოვხვდი სიაში და დღეს 47 ვარ'' - ამბობს რამაზ ირემაძე.
მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ისინი მთელი დატვირთვით მუშაობენ. განმარტავენ, რომ მოქალაქეებს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. ბევრი ისეთი პირი მიდის, რომლის მოწმობასაც გაახლება ამ ეტაპზე არ სჭირდება.
''მართვის მოწმობის შეცვლაზე აქტივობა დიდია, მსურველი ბერია. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას მოვემსახუროთ კანონის შესაბამისად. ბევრი არ სარგებლობს ამ კატეგორიის მართვის მოწმობით, მაგრამ მაინც მოდიან. ეს ყველასთვის აუცილებელი არ არის, არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი'' - ამბობს ბათუმის მომსახურების ცენტრის უფროსი ირაკლი კონცელიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული მართვის მოწმობების ნაწილი პირველი მარტიდან ძალადაკარგულად ჩაითვლება.
განახლებული დოკუმენტაციის აღება მოუწევთ მოქალაქეებს, რომლებსაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის მართვის მოწმობები ჰქონდათ.
მოქალაქეებმა დოკუმენტაციის გასაახლებლად მომსახურების სააგენტოში, ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის დამადასტურებელი და არსებული მართვის მოწმობები უნდა წარადგინონ. მათ 15 ლარის გადახდაც მოუწევთ. დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - საფასური 35 ლარი იქნება.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილების თანახმად, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა.