გარემოვაჭრეები გაფრთხილებას დაემორჩილნენ და ე.წ. შვეინთან დახლები აალაგეს

04 თებერვალი 2019, 00:00 5734 ნახვა

წერეთლის ქუჩისგან განსხვავებით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბათუმის მერიის წარმომადგენლებს ღამით მისვლა და დახლების ალაგება არ მოუხდათ. გაფრთხილების შემდეგ, გარემოვაჭრეებმა ტროტუარზე კონსტრუქციები დღეს აღარ გამოიტანეს. ვაჭრობა შეწყვიტეს, თუმცა მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

ისინი დღეს ​ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთასთან შეიკრიბნენ. ითხოვენ სივრცეს, სადაც ვაჭრობას შეძლებენ.

ამბობენ, რომ ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მომხმარებელი არ ეყოლებათ და შესაბამისად იქ გადასვლას არ აპირებენ. 

ერთ-ერთი გარემოვაჭრე, რომელსაც ხელში რძის ქილა ეჭირა ამბობდა, რომ სახლში მოყვანილ ნატურალურ პროდუქტებს აქ წლების განმავლობაში ყიდდა. მუდმივი მომხმარებლის მოსაპოვებლად კი დიდი შრომა დასჭირდა. მოქალაქე დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები ძველი ავტოსადგური ტერიტორიაზე აღარ მივლენ. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ პროცესი მთელ ქალაქში ეტაპობრივად გაგრძელდება.

წერეთლის ქუჩა გარემოვაჭრეების დახლებისგან 28 იანვარს გაათავისუფლეს, რასაც პროტესტი მოჰყვა. აქციებიდან რამდენიმე დღეში კი შეთანხმება შედგა. გარემოვაჭრეები საქმიანობას ძველი ავტოსადგურის ეზოში, სპეციალურად მოწყობილ ჯიხურებში გააგრძელებენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში