უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ინტრონიზაცია

03 თებერვალი 2019, 00:00 1307 ნახვა

კიევის წმინდა სოფიას ტაძარში 40 წლის მიტროპოლიტი ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა. იგი უკვე ოფიციალურად მართავს ახალ ავტოკეფალურ ეკლესიას. ტაძარში გამოფენილია ავტოკეფალიის ტომოსი. კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის ტახტზე დაბრძანების ცერემონიაში მსოფლიო საპატრიარქოს გალიის მიტროპოლიტი, ემანუელიც მონაწილეობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქოს ეწვია. წირვას "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი დაესწრნენ.

ჩვენ დავუკავშირდით საპატრიარქოს სადაც გვითხრეს, რომ ინტრონიზაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. გასული წლის 15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა უკრაინელმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც იქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.მართვა - გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს. კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 6 იანვარს გადასცა.

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დღევანდელ ინტრონიზაციას ვერ დაესწრო. ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ფილარეტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომლებმაც მას ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მისი სახელით უკრაინის ახალ მიტროპოლიტს მისალოცი წერილი გაეგზავნა.

ამავე კატეგორიაში