დაპირისპირება ავტოსადგურის ადმინისტრაციასა და გარემოვაჭრეებს შორის

31 იანვარი 2019, 00:00 2708 ნახვა

გარემოვაჭრეები აქციის ჩასატარებლად, დღეს ბათუმის მერიასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მოქალაქეებს ბათუმის მერი ესაუბრა. ლაშა კომახიძემ აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ მერია პირობას შეასრულებს და ჯიხურებისთვის საჭირო საგარანტიო თანხას გადაიხდის. შემდეგ კი, სავაჭრო სივრცეების გამოსასყიდად  ავტოსადგურის ადმინისტრაციას გარემოვაჭრეები თანხას ეტაპობრივად ჩაურიცხავენ. ეს წინადადება მათთვის მისაღები აღმოჩნდა და მერიის მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვეს.  

აქციას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და ავტოსადგურის ადმინისტრაციას შორის. 

მოქალაქეები დღეს ესკიზების შესარჩევად მივიდნენ, თუმცა ხელმძღვანელობამ მათ განუცხადა, რომ მერია თანხის გადახდას არ აპირებდა.

გარემოვაჭრეების განცხადებით, თუ ქალაქის თვითმმართველობა პირობას არ შეასრულებს, ისინი ძველ სავაჭრო ადგილებს დაუბრუნდებიან.   

წერეთლის ქუჩაზე ღია სავაჭრო დახლები 28 იანვარს, ღამით დაშალეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაიწყო საპროტესტო აქციები. 

ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეებს ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სპეციალური ღია დახლების მოწყობა, 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა. შეთანხმება შედგა. 

მოგვიანებით კი დავის საგანი ჯიხურების მოწყობისთვის თანხების გამოყოფა გახდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში