ბათუმის მერია ანბანის კოშკთან, საოცრებათა პარკში ფილების გამოცვლას გეგმავს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ "იგეგმება ბეჭდვითი ბეტონის დაგება, რადგან არსებული ფილები თხელია, ხშირად ზიანდება და მისი მოვლა ბათუმის მერიას ძვირი უჯდება" - აცხადებენ უწყებაში.
ბათუმის მერიის სამსახურების გამოთვლით, გრანიტის ფილების აღებას და მის ნაცვლად ბეტონის დაგებას 1 999 987 ლარი დასჭირდება. თანხას მერია აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ითხოვს.
ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფილები პერიოდულად ზიანდებოდა, ყველაზე მასშტაბურად ფილები 2016 წელს, "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში ჩატარებული maroon5 კონცერტზე დაზიანდა. ანბანის კოშკის მიმდებარედ, სცენის ასაწყობად მძიმე ტექნიკა შევიდა. მაშინ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით მოხდა დაზიანებული ფილების გამოცვლა.