ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ძველ ავტოსადგურში გადასვლას სთავაზობს

28 იანვარი 2019, 00:00 5078 ნახვა

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს სთავაზობს, საქმიანობა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც 180 დახლია გამოყოფილი. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მოქალაქეების ნაწილი ახალ ლოკაციაზე უკვე გადავიდა. 

ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

მერიაში განმარტავენ, რომ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. 

''უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და მერიის მიერ შეთავაზებულ ფართში (გოგოლის ქ. #1) გადასვლის შემთხვევაში, მერია გარემოვაჭრეებს 3 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად, კომპენსაციის სახით 200 ლარს სთავაზობდა. ასევე შეთავაზებული იყო კეთილმოწყობილი სავაჭრო დახლები და დახურული სავაჭრო ჯიხურები, ადგილზე მისასვლელი ავტობუსის გამოყოფა და ახალი ბაზრობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაში დახმარება, რასაც გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ.

უკანონო გარემოვაჭრეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. გარემოვაჭრეებმა მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლა მოითხოვეს, შემდეგ კი იქ ამაზეც უარი განაცხადეს'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

წერეთლის ქუჩიდან აღებული კონსტრუქციები დასაწყობდა.

დახლები გუშინ გვიან ღამით დაშალეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.  

 

ფოტო: ბათუმის მერია

ამავე კატეგორიაში