რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილმა და მოქალაქეებმა სამედიცინო დაწესებულების ეზოში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს სურთ ხმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიაწვდინონ. კლინიკის ერთ-ერთი ექიმი ბენო ჭელიძე ეჭვობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი, შესაძლოა გასხვისდეს ან გრძელვადიანი იჯარით გაიცეს, ეჭვის საფუძველს კი ახალი შენობის მშნებლობისა და ინვენტარიზაციის გაჭიანურება აძლევს. აქციის მონაწილეები კლინიკის სახელმწიფო ბალანსზე არსებობის აუცილებლობაზე საუბრობენ, ისინი ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისებზე შესაძლებელია ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა ზაალ მიქელაძემ პირად საუბარში აღნიშნა, რომ შენობის გასხვისება არ იგეგმება და იგი სახელმწიფო ბალანსზე რჩება, რაც შეეხება ახალ შენობაში ინვენტარიზაციის პროცესს, მინისტრის განცხადებით ამ მიმართულებით სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების მოძიებაზე მუშაობა ახალი შენობის აღჭურვის მიზნით მიმდინარეობს.