ბსუ: ''სტუდენტები ვალდებული იქნებიან ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა წარმოადგინონ''

24 იანვარი 2019, 00:00 2610 ნახვა

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განკარგულების შემდეგ, ბრძანება გამოსცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იმ სტუდენტების სტატუსის შეჩერების საკითხის განხილვას არ გამორიცხავს ვინც დათქმულ ვადაში არ წარადგენს  ცნობას ვაქცინაციის შესახებ.

სასწავლებელში ამბობენ, რომ საკითხს კომისია ინდივიდუალურად განიხილავს  და ბრძანებაში მოყვანილი ფრაზა არ გულისხმობს სტატუსის აუცილებელ შეჩერებას.  გადაწყვეტილებას წითელას მასიური გავრცელების პრევენციით ხსნიან. უნივერსიტეტში უკვე მიმდინარეობს გამოკითხვა.  2000-მდე სტუდენტმა განაცხადა რომ აცრა გაკეთებული აქვს, 28 პროცენტმა კი კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა. დაგეგმილია ვაქცინაციაც - უნივერსიტეტში  აცრის გაკეთება 4-დან 6 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი, რომელიც ყველა მოქალაქისთვის უფასოა.

შეგახსენებთ, სტატუსის შესაძლო შეჩერების შესახებ პრემიერის 18 იანვრის განკარგულებაშია აღნიშნული და ეხება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, სკოლებსა და ბაღებს. განკარგულების ამ ჩანაწერს და ვაქცინაციის სანქცირებას, კონკრეტულად კი სტატუსის შესაძლო შეჩერებას ეწინააღმდეგება სტუდენტთა ნაწილი. ამ სტუდენტების ნაწილს დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. შეხვედრა არ იყო მედიისთვის ცნობილი, თუმცა როგორც გვითხრეს ისაუბრეს იმ რისკებზე რომელიც შესაძლოა დადგეს ვაქცინაზე უარის თქმის შემთხვევაში.  

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით ამ დროისთვის  წითელა 580 ადამიანს აქვს და ქვეყანა ეპიდემიის ზღვარზეა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში