ბათუმში, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლონდონის სკვერში წითელი სატელეფონო ჯიხური დააზიანეს. ჩამსხვრეულია მინები და მოგლეჯილია ყურმილი.
ვანდალური ფაქტი სავარაუდოდ, ორი დღის წინ მოხდა.
სატელეფონო ჯიხურის დაზიანების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. ტელეფონის ყურმილი, დაახლოებით ერთი წლის წინ, უცნობმა პირებმა მოგლიჯეს.
სკვერში კამერები დამონტაჟებული არ არის.
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში, სკვერებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება იგეგმება. სულხან ევგენიძის განცხადებით, დაზიანებულ ობიექტს მალე მოაწესრიგებენ.
''ჩვენ ყოველწლიურად ხელშეკრულებას ვაფორმებთ კომპანიასთან, რომელიც მსგავსი შემთხვევების დროს დაზიანებულ ობიექტებს აღადგენს. ზომებს აიღებენ და მინები შეიცვლება. როგორც ვიცი ორჯერ ყურმილი იყო მომძვრალი. რაც შეეხება კამერებს, სკვერში არ არის. ქუჩის კამერებით რამდენად შეიძლება ამის დაფიქსირება, ჩვენი სამსახური ოფიციალური წერილით საპატრულო სამსახურს მიმართავს და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს სულხან ევგენიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
რაც შეეხება გასულ წელს მომხდარ შემთხვევას. უწყებაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ჯიხურის დაზიანების ფაქტზე, მაშინ შეტყობინება არ შესულა.
სატელეფონო ჯიხური, საქართველოში დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა, 2014 წელს ოფიციალურად გახსნა. ის ბათუმში ლონდონის კვირეულის ფარგლებში დადგეს, როგორც ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლო.
ფოტო: ინგა თავბერიძე და გიული ბერიძე