ამ დრომდე დიდ დიღომში იქ სადაც კორპუსის აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია , დაზარალებულ მოსახლეობას არ უშვებენ. მათ მხოლოდ პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცეს.
აფეთქება გუშინ საღამოს მეექვსე სართულზე მოხდა, თუმცა დაზიანებულია მეხუთე და მეოთხე სართულებიც. ასევე კედლების უმრავლესობა და თითქმის ყველა ლიფტის კარი დანგრეულია.
მოსახლეობა ,,მთავართან“ ჰყვება, რომ ბუნებრივი აირის სუნი გუშინ მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა, გამოიძახეს ,,ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლები, თუმცა მათ ვერ იპოვეს დაზიანებული კერები.
სწორედ ერთ-ერთი მათგანის გამოკითხვა ამ წუთებში დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში მიმდინარეობს. დადგინდება თუ არა მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ამას გამოძიება დაადგენს. სისხლის სამართლის საქმე 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა.