ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკით, გასულ წელს აჭარამ 2 მილიონამდე ტურისტს უმასპინძლა

10 იანვარი 2019, 00:00 1524 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით "2018 წელს, აჭარას 1,931, 179  საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, ტურისტების რიცხვი 14,7%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს".

სტატისტიკის მიხედვით, რეგიონში ყველაზე მეტი ტურისტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა.  "ზრდის დადებითი დინამიკა ნარჩუნდება ტრადიციული ბაზრებიდან, ასევე ევროკავშირის წევრი ახალი სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიებს 2017 წლიდან ახორციელებს" - წერია უწყების  მიერ გავრცელებულ რელიზში.  გაზრდილია ტურისტების რიცხვი ესტონეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვადან და პოლონეთიდან. 

მონაცემები უწყებმა,  საქართველოს საზღვრის აჭარის სამი ადმინიტრაციული მონაკვეთის (სარფი, ბათუმის აეროპორტი, ბათუმის პორტი) მონაცემებზე დაყრდნობით შეაგროვა.  დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტურისტების ნაკადი მზარდი იყო იმ ქვეყნებიდან, სადაც  რეკლამას ახორციელებენ და ამ ბაზრების ასათვისებლად ხარჯავენ თანხას. "ორ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური რეგიონში უპრეცედენტო რაოდენობაა. ასეთი ციფრები პირველად გვაქვს.ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების წილი 86,74%-ს შეადგენს" - წერია რელიზში.  

"არსებული შედეგის მისაღწევად ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვუწევდით პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონსა და ქვეყანას საერთაშორისო მედია პლატფორმებით, პრესს-ინფოტურებით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ონლაინ რეკლამითა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით. BBC, Euronews, CNN, Deutsche Welle - ის ტელეკომპანიებია, რომელთა მეშვეობით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები და რეგიონის შესახებ მომზადებული სიუჟეტები მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელმა ნახა. რეგიონის პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ Airbnb-იმ 2019 წლის 19 ყველაზე ტრენდულ ქალაქს შორის ბათუმი დაასახელა. Airbnb არის პლატფორმა, რომელსაც 500 000 000 მომხმარებელი ჰყავს და ეს არის პრაქტიკულად რეკომენდაცია მათთვის.

განხორციელებული ვიზიტების პერიოდის ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ აჭარა უკვე არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია," მიიჩნევს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

ინფორმაცია  ტურიზმის დეპარტამენტმა პრესს-რელიზის სახით გაავრცელა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი