პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილისა ოჯახის წევრები პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია მართავენ. ისინი ამ ფორმით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დამნაშავეების დასასჯელად პოლიტიკური ნება არ არსებობს.
''არ ვლინდება მათ პოზიციაში, გამოძიებაზე ვსაუბრობ, რომელიც მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში რომ იყოს პოლიტიკური ნება დაისაჯოს დამნაშავე. ჩვენ არ გვაქვს წვდომა მასალებზე, კვლავ არ გვაქვს სტატუსი, არაფერს არ წარმოვადგენთ ამ პროცესში სამართლებრივად. შევდივართ არაოფიციალურად ვეცნობით მასალებს. ვერანაირი შედეგი ვერ დავაყენეთ წლის ბოლოს. ფაქტიურად ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი მივიღეთ არაფერი'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ადვოკატმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნებს, ხორავას ქუჩის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი დათუნა სარალიძის მამაც შეუერთდა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.
''დღემდე არანაირი პასუხები არ გვაქვს მიღებული. ნაბიჯები არ გადადგმულა. დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი. არაფრად არ აგდებენ არც მალხაზს და არც მე. სამი თვეა აქ ვარ და არანაირ ნაბიჯებს არ დგამენ. იმის იმედი თუ აქვთ, რომ დავიღლებით, ჩვენ არ დავიღლებით'' - ამბობს სარალიძე.