2019 წელს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობა იქნება, ისე რომ ეკონომიკური ზრდა არ შეფერხდეს- აღნიშნა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ,,2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, 2018 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამიზნე მაჩვენებელზე ნაკლები იყო.
თერთმეტი თვის მონაცემებით, ინფლაცია 1.9%-ს შეადგენს. თუმცა, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, მომავალ წელს ამ მიმართულებით გარკვეული რისკები არსებობს. მისი თქმით, სავალუტო რეზერვები უზრუნველყოფს ქვეყნის საფინანსო და სავალუტო ბაზრების სტაბილურობას, თუმცა, არსებული მაჩვენებელი ადეკვატურ დონეზე არ არის და რეკომენდებულ ნიშნულს ჩამორჩება.