ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტს უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივად აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის განცხადებით, კონგრესის დოკუმენტი საგარეო უწყების უდიდესი შრომისა და გაწეული ძალისხმევის შედეგია. მან საერთაშორისო მხარდაჭერაზე საუბრის დროს საერთაშორისო და ორმხრივ ფორმატში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს საკითხების აქტუალიზაცია ყველა საერთაშორისო თანამეგობრობის, ორგანიზაციის, თუ ორმხრივი ფორმატის დღის წესრიგში ყოველთვის არის. ზალკალიანის განმარტებით, მთელი წლის განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის რეზოლუცია, დეკლარაცია, მხარდამჭერი განცხადება კეთდებოდა საქართველოსთან მიმართებაში.