საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბარათები მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაურიგდებათ, რომლებსაც 28 ნოემბერს ხმის მიცემა ახალ ლოკაციაზე მოუწევთ.
ცესკოს გადაწყვეტილებით, 30 უბანი სხვა ახლომდებარე შენობაში განთავსდა.
''ამ საარჩევნო უბნების საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მათთვის დარიგდება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათები, სადაც მითითებული იქნება უბნის ახალი მისამართი'' - წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სხვა პირებს ბარათები არ დაურიგდებათ და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას პირველი ტურის მსგავასად, იმავე უბნებზე მიიღებენ.
მოქალაქეებს საკუთარი მონაცემების და საარჩევნო უბნების მისამართების გადაამოწმება ცესკოს ვებგვერდის, მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით შეუძლიათ.