ტელეკომპანია ''კავკასია'' შემოსავლების სამსახურმა დააყადაღა

23 ოქტომბერი 2018, 00:00 3733 ნახვა

ტელეკომპანია "კავკასიის" ქონება შემოსავლების სამსახურმა დააყადაღა, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ავრცელებს და ფეისბუქის გვერდზე შემოსავლების სამსახურის წერილსაც აქვეყნებს. ჯანგირაშილის თქმით, ტელევიზიას ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 8 500 ლარი აქვს დარჩენილი, რომელსაც მაუწყებელი გრაფიკით იხდის.  

"რახან უზარმაზარი ბიზნეს იმპერიების მფლობელებს არ ერიდებათ წუწუნი, დავალიანებებზე და გრაფიკებზე ღიად ლაპარაკი, მოდი მეც გეტყვით საინტერესო ამბავს, მითუმეტეს, რომ ხელისუფლების საინტერესო დამოკიდებულება იკვეთება კავკასიის მიმართ.  გუშინდელი მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება მიმდინარე, ანუ 15–ში დეკლარირებული და ძველი, ანუ გრაფიკით გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 540 ლარს. 

გრაფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რასაც გულისხმობს შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას. ამჟამად დავალიანება შემცირებულია 8500 ლარამდე და დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად მივმართეთ საგადასახადოს. ვნახოთ რას იზამენ.

კობახიძის სპეტაკი სახით გაკეთებულ კომენტარი წარმომიდგენია ამ თემაზე და ამიტომ წინასწარ გავცემ პასუხს: თქვენი დეპუტატებივით ფოკუზნიკი კი არ ვარ მიზერული შემოსავლებით სასწაულები მოვახერხო. დამოუკიდებელი მედია სულს ღაფავს ამ ქვეყანაში. მადლობა ბატონო ბიძინა სისხლიანი რეჟიმისგან, რომ გაგვათავისუფლეთ" - წერს კავკასიის მფლობელი და დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. 

ტელეკომპანია ამ ეტაპზე მაუწყებლობას განაგრძობს. 

რამდენიმე დღის წინ კი კიდევ ერთმა ტელეკომპანიამ შეწყვიტა მაუწყებლობა. 17 ოქტომბერს ''იბერია'' დაიხურა. არხის მფლობელები შექმნილ ვითარებას ფინანსურ კრიზისს უკავშირებდნენ, პასუხისმგებლობას კი ხელისუფლებას აკისრებენ. 

''ომეგა ჯგუფს'' დავალაინება აქვს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხა 51 მილიონ ლარს შეადგენს.    

''გადასახადს ყველა გადაიხდის'' - თქვა პრემიერ მინისტრმა საკითხზე კომენტირებისას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი