ნაზი ბეჟანიძე ჯავახიშვილის 78 ნომერში ავარიულ სახლში ცხოვრობს. მასშტაბური მიშენებების გამო კორპუსი იშლება. პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებმა, დაახლოებით ერთი თვის წინ ბათუმის მერიას მიმართეს, შემდეგ კი ''ღია კარის'' ფორმატი გამოიყენეს და საკრებულოს წევრებს პროცესების დაჩქარება სთხოვეს.
''ერთი წლის წინ მიშენებები დაიწყო. მესამე სართულზე, რომ ავიდნენ სახლი გაიხლიჩა, მიშენებას დაშორდა. იქ ცხოვრება შეუძლებელია. ხალხი გაიხიზნა. ზოგი მეზობელთანაა, ზოგი ნათესავთან, მაგრამ ყველა სადღაც ხომ ვერ წავა. საჭიროა კორპუსის გამაგრება, თანაც სასწრაფოდ, იმიტომ რომ შეიძლება ძველი შენობაც წამოიღოს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, გთხოვთ დაგვეხმაროთ'' - თქვა შეხვედრაზე მოქალაქემ.
''პირობას გაძლევთ, რომ აღნიშნულ საკითხს აუცილებლად შევისწავლით. გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წერილობით გაცნობებთ'' - უთხრა ნაზი ბეჟანიძეს საკრებულოს თავმჯდომარემ.
სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში 50 ოჯახი ცხოვრობს. ყვებიან, რომ მიშენებული სართულები გადაიხარა, კედლები დაიბზარა და ქვები ცვივა. წვიმის დროს კი ოთახებში წყალი ჩამოდის.
არ მალავენ, რომ გაფართოების ინიციატივა თავად მაცხოვრებლებს ეკუთვნით, რისთვისაც დახმარება კერძო კომპანიას სთხოვეს. თანხა შეაგროვეს და მშენებელს გადასცეს. ყველა საჭირო დოკუმენტაცია ''სხალთამ'' მოაწესრიგა, გეოლოგიური დასკვნა და ნებართვა მერიისგან თავად აიღო.
ჯავახიშვილის 78 ნომერში მცხოვრებლებს სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. ისინი ვერც კომპანიის წარმომადგენლებს უკავშირდებიან. ამ ეტაპზე სახლი გამაგრებას და დახმარებას მერიას სთხოვენ.
რა ბედი ელით იმ 50 ოჯახს, რომლებიც ავარიულ სახლში ცხოვრობენ და დაიწყო თუ საკითხის შესწავლა? აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიისგან პასუხს ელოდება.
5 სართულიანი კორპუსი 42 წლის წინ აშენდა, მიშენება კი ერთი წლის წინ დაიწყო.
ბათუმში მიშენებები და დაშენებები ბოლო წლებში ტენდენციად იქცა. იერსახეშეცვლილი სახლები განსაკუთრებით მრავლადაა გარეუბნებში. როგოც ცნობილია ე.წ. ხრუშოვკების უმეტეს ნაწილს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, თუმცა საცხოვრებელი ფართის გაზრდის მოთხოვნით, მოქალაქეები შესაბამის სამსახურებს მაინც მიმართავენ.