ბოლო ათ წელიწადში საქართველოში თვალის დაავადების მქონე რეგისტრირებული ახალი შემთხვევების რიცხვი თითქმის 90 ათასითაა გაზრდილი - თუ 2008 წელს 35 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2017 წელს ამ რიცხვმა 125 ათასს გადააჭარბა. რიცხვი გაზრდილია ბავშვებშიც.
როგორც ექიმები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, სტატისტიკის ცვლილება ცნობიერების ამაღლებამ, შესაბამისად მიმართვიანობის ზრდამ განაპირობა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ განსაკუთრებით მოზარდებში დაავადებების გამომწვევი მიზეზი კომპიუტერული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება გამხდარიყო. საყოველთაო ჯანდაცვა ამჟამად გლაუკომას და კატარაქტას ოპერაციებს აფინანსებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კი რკალისა და რქოვანის პროგრამებით შემოიფარგლება.