განახლება 12:30: ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' ინფორმაციით, ბაგრატიონის 102 ნომერში, კორპუსის სადარბაზოში ელექტროენერგია ჩაირთო, თუმცა ამ დროისთვის შიდა გაყვანილობის დაზიანების გამო, მე-12, მე-13 და მე-14 სართულებზე მცხოვრებლებს დენი არ მიეწოდება. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა მოგვარების შემდეგ შუქის მიწოდება სრულად აღდგება.
ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალსართულებიანი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლების ნაწილს , სადაც გუშინ ხანძარი იყო ,ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ''ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით , ენერგო შეზღუდვაზე გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც დაზიანებული სადენები მოწესრიგდება შუქის მიწოდება აღდგება. მოსახლეობას არც ბუნებრივი აირი აქვს.
რაც შეეხება ზარალს - მერიაში განმარტავენ, რომ მდგომარეობის შესწავლა გრძელდება და ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს , რომელიც ბინაში ქირით ცხოვრებდა, ალტერნატიულ ფართშია გადაყვანილი.
გუშინ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში, ცეცხლი მეთორმეტე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.